fbpx

გრაფიკულად და მხატვრულად შემკული ასოთა მოხაზულობანი შერჩეულია ელენე მაჭავარიანის ნაშრომებზე დართული ვიზუალური მასალიდან: „ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლები“, თბ., 1982; „ქართული დამწერლობა“, თბ., 2008; „ქართული ხელნაწერები“ (ალბომი), მოსკოვი, 2001. „მწიგნობრობაი ქართული“, თბ., 2015; „ქართული ანბანი ბავშვებისათვის’’, თბ., 2020

 

ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, დამწერლობათმცოდნე, კალიგრაფი, პროფესორი ელენე მაჭავარიანი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელია.

 

ელენე მაჭავარიანი 60 წელზე მეტია იკვლევს მოხატულ ხელნაწერებს, სამსახოვანი ანბანის – ასომთავრულის(მრგლოვანის), ნუსხურისა და მხედრულის გენეზისსა და გრაფიკული განვითარების კანონზომიერებებს.

 

ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ესოდენ მნიშვნელოვან აღიარებას ესადაგება ელენე მაჭავარიანის მიერ ვიზუალური მასალის თანხლებით შესრულებული ნაშრომები და ანბანის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული მისი საქმიანობა.

 

მას  ხელნაწერებიდან და ისტორიული საბუთებიდან შესრულებული აქვს მხატვრული შემკულობისა და ტექსტების ასლები, რომლებიც განთავსებულია როგორც ადგილობრივ (თბილისი, ქუთაისი, თელავი, წყალტუბო), ასევე უცხოეთის (საფრანგეთი, რუსეთი, ბელგია) მუზეუმების მუდმივ თუ მოძრავ საგამოფენო სივრცეში.

 

ელენე მაჭავარიანი კითხულობდა და კითხულობს   ლექციებს უმაღლეს სასწავლებლებში,  2010-14 წლებში იგი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართული საერთაშორისო კონკურსის -„  ქართული კალიგრაფიის“ –  ჟიურის წევრი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2008 წელს მას მიენიჭა კორნელი კეკელიძის სახელობის პრემია.

 

ქართული ანბანის შესწავლასა და პოპულარიზაციას ემსახურება ანბანური თანმიმდევრობით შედგენილი 38 ტაბულა გრაფიკული და მხატვრულად შემკული ასო-ნიშნებით, საერთაშორისო ტრანსკრიფციისა და რიცხვითი მნიშვნელობის მითითებით, რომელიც შესრულებულია ელენე მაჭავარიანის შვილიშვილის, მარიამ ჟორჟოლიანის მიერ.

 

ვიმედოვნებთ, რომ ქართული სამსახოვანი ანბანური დამწერლობით დაინტერესდება ფართო საზოგადოება. მათ შესაძლებლობა ექნებათ, ამოიკითხონ ტაძრის ფასადებზე, ფრესკულ კომპოზიციებსა თუ ჭედურ ხატებზე გამოკვეთილი წარწერები.

 

ამით ხომ გაცოცხლდება X საუკუნის ცნობილი სასულიერო მოღვაწის იოანე ზოსიმეს საქებარი და სადიდებელი სიტყვებით – „შემკულ და კურთხეულ სახელითა ღვთისაითა“ გამოხატული ქართული ენა და ამ ენაზე ამეტყველებული ჩვენი ეროვნული საგანძურის – დამწერლობის ფასდაუდებელი ძეგლები.

 

0
    0
    Your Cart
    Your cart is empty